სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას, ოთხი წლის ვადით, 1 მარტიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
„აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ნიკოლავა დღემდე არასოდეს ყოფილა სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და იგი ამ პოზიციაზე პირველად ინიშნება. მას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეატრის რეჟისურა), სხვადასხვა წლებში იყო სამსახიობო სტუდიის ხელმძღვანელი/რეჟისორი, თბილისის ალ. გრიბოედოვის თეატრის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
სენაკის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კანდიდატმა, რომელთაგან სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამინისტრომ განსახილველად ორი კანდიდატურა წარუდგინა - მსახიობი კახაბერ მიგინეიშვილი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა. სარეკომენდაციო საბჭომ განიხილა მოცემული კანდიდატურები და მათგან შეარჩია და მინისტრს დასანიშნად წარუდგინა რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას კანდიდატურა.
ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და დასანიშნად წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.