logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: აუცილებლად მიმაჩნია, საზოგადოებას შევახსენო, რომ...
- +

7 თებერვალი. 2022. 19:00

 

26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) საქართველოს დიდი პოლიტიკური მოღვაწის წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლის (1073-1125 წწ.) მოხსენიების დღეა. XII საუკუნე ესაა პერიოდი, როცა საქართველო პოლიტიკურად გაერთიანდა, გამთლიანდა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. ეს პერიოდი „ოქროს ხანადაა“ მიჩნეული. საქართველოს სახელმწიფო მნიშვნელოვანად გაფართოვდა - ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. დავით IV აღმაშენებლის მიერ გატარებული მრავალმხრივი ღონისძიებების (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საეკლესიო, სამხედრო, სასამართლო და სხვ.) შედეგად საქართველო დაწინაურდა და ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა;

 

წოდება „აღმაშენებელი“ (ქართველი მეფეები სხვადასხვა წოდება-ეპითეტებით არიან ცნობილნი: დიდი, კისკასი, კეკელა, რეგვენი, მცირე, თავდადებული, ბრწყინვალე, ავი და სხვა.)  საქართველოს ისტორიაში ერთადერთს - დავით IV -ს ხვდა „...მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ იქმნა მეფედ, იყო ქვეყანა ესე სრულად ოხერი; ამან განავსო და აღაშენა, რომელ არღარა ეტეოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყვარე ღვთისა, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი“... (ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსი საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, თბ, 1973, გვ. 163).

 

ამგვარად, XI საუკუნის 80-იან წლების ბოლოს  საქართველოს მოევლინა პიროვნება (მეფე), რომელმაც შესძლო დაქსასული მოსახლეობის მობილიზება, მომხდური მტრის დამარცხება და ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე დაყენება. ამას მოჰყვა დიდი გარდაქმნები, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღორძინება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ მაღალი განათლების მქონე მეფის მიერ გელათის აკადემიის (უნივერსიტეტის) დაარსებას (1106 წ.). ამ საქმეთა შემოქმედი დავით IV თანამედროვეებმა და შთამომავლობამ აღმაშენებლად აღიარა და წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) დაწესდა.

 

მეფემ გეგმაზომიერად გაატარა ღონისძიებები ქვეყნის ცენტრალიზებისა და გაძლიერებისათვის: 1110 წ. აიღო სამშვილდე, 1115 წ. -რუსთავი, 1117 წ. -გიში, 1118 წ. - ციხე-ქალაქი ლორე. 1118-19 წლებში ჩამოასახლა ყივჩაღები და ლაშქარი გაზარდა. 1121 წლის 12 აგვისტოს უდიდეს გამარჯვებას („ძლევაი საკვირველი“) მიაღწია დიდგორთან - დაამარცხა მუსლიმთა ძლიერი კოალიციური ლაშქარი. საქართველოს ძველი დედაქალაქისა და სხვა ქალაქების დამორჩილება ფაქტობრივად დიდგორის ბრძოლის გაგრძელება იყო: „მეორესა წელსა (1122 წ. - რ.მ.) აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ“ (ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 326).

 

დიდგორის ბრძოლის შემდეგ  თითქმის მთელი სამხრეთ კავკასიის მიწები,  საერთაშორისო სავაჭრო გზები და ქალაქები საქართველოს საზღვრებში მოექცა. ხელისუფლება თავის რელიგიურ პოლიტიკაში ატარებდა სარწმუნოებათა თავისუფლების – რჯულთშემწყნარებლობის პრინციპს, რაც იმ პერიოდისათვის, მეტად უჩვეულო მოვლენა იყო. დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა შირვანი (1123 წ.) და ანისი (1124 წ.). მისმა გეგმაზომიერმა საქმიანობამ „დაამშვიდა ქვეყანა... განავსო და აღაშენა ყოველი ოხერ-ქმნილი“.  წმიდა მეფის კალამს ეკუთვნის ორიგინალური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, რომელიც შუა საუკუნეების კულტურული, ესთეტიკური, იდეოლოგიური მრწამსის, ამასთან ქრისტიანული საკაცობრიო სევდის გამომხატველი ძეგლია. დავით აღმაშენებლის („მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა“)  მიერ გატარებულმა მრავალმხრივმა ღონისძიებებმა განა­პირობა წარმატებები და საქართველო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ სახელმწიფოდ აქცია.

 

 

აუცილებლად მიმაჩნია საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს სრულდება 950 წელი დიდი ქართველი პოლიტიკოსის, „მესიის მახვილის“, მეფეთ-მეფე წმინდა დავით IV აღმაშენებლის დაბადებიდან. ღრმად მწამს, რომ ამ თარიღს ქართული საზოგადოება, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები, ჩვენი მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირსეულად აღნიშნავენ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დავით აღმაშენებელის იუბილე ფართოდ აღინიშნოს მთელ მსოფლიოში.

 

 

როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული

აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,

აკადემიკოსი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner