logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გიულ დედული, რომელმაც შვილიკოს გავლენით სახელმწიფოს თითო ლარად 30 ობიექტი აახია, მაინც ტირის
- +

8 თებერვალი. 2022. 13:04

 

 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დედამისის, გიული ალასანიას ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ვრცელი სიუჟეტი გადაცემა „იმედის კვირამ“ მოამზადა.

 

2003 წლის შემდეგ, როგორც მთელი ქვეყნის ისე გიული ალასანიას ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. პროფესორი გიული ალასანია მეგობართან ერთად საუნივერსიტეტო ბიზნესში ჩაერთო და ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა დააფუძნა. მალევე სკოლა უნივერსიტეტად გადაკეთდა. საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოს თავმჯდომარე გიული ალასანია გახდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად გიული ალასანიას მეგობარი რუსუდან გოცირიძე დაინიშნა.

 

გიული ალასანია ამ საქმეში ფულით შევიდა, ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარი ფართებით. რამდენიმე ხანში პრეზიდენტ სააკაშვილს ცვლილება შეაქვს უმაღლესი განათლების შესახებ ბრძანებულებაში და სახელწიფო უნივერსიტეტებს კერძო უნივერსიტეტებში წილის ქონა ეკრძალებათ. ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ წილებს პრეზიდენტის დედის ბიზნესში 200 ლარად თმობს, რის შემდეგაც იწყება ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების დანარჩენი ნაწილის ათვისება.

 

ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჩამორთმეული 6 ათასი კვადრატული შენობა ნაგებობა და 2 ათას კვადრატულზე მეტი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება, კოსტავას 77 ნომერში ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოაქვს. აუქციონში მხოლოდ გიული ალასანია მონაწილეობას და დედაქალაქის ცენტრში ამ ქონების მეპატრონე 1 220 000 დოლარად გიული ალასანიას და მანანა სანოძეს საქართველოს უნივერსიტეტი ხდება.

 

ტექნიკური უნივერსტიტეტის კუთვნილი ქონების მითვისება ამით არ დასრულებულა. მაშინ კოსტავას გამზირზე ერთი კვადრატული მეტრი კომერციული ფართის გასაყიდი ფასი მინიმუმ 900 დოლარი იყო. მაშინ დაითვალეს, რომ გიული ალასანიას საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად სახელმწიფომ მინიმუმ 15 მილიონი დოლარი იზარალა, გიული ალასანიამ კი ეს ფული დაზოგა.

 

მაშინ ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის წევრი გიორგი არველაძე იყო. დღეს კოსტავას 77ა ნომერში მდებარე შენობას გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი ფლობს 16 664 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს და მასზე არსებულ 27 905 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობას.

 

პრეზიდენტის ოჯახში მისივე დამსახურებით გაჩნდა საკმაოდ სერიოზული შემოსავალი. რომელიც ცხადია წლების განმავლობაში იზრდებოდა. გიული ალასანიას საქართველოს უნივერსიტეტი აფუძნებს სხვდასხვა კომპანიებს – მაგალითად:

 

შპს „იუჯი სკოლის“ ბალანსზეა ბათუმში მიწა 1028 კვადრატული მეტრი, შენობა 1 556

 

შპს „იუჯი ბაღის“ საკუთრებაშია: თბილისში მიწა 1684 კვადრატული მეტრი, მასზე მდებარე 1 3 86 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობები,

 

გარდაბანში შპს „იუჯი მედიკალის“ საკუთრებაშია 10 მიწის ნაკვეთი საერთო ფართით – 43 ჰექტარი.

 

წყალტუბოში: 6601 კვადრატული მეტრი მიწა.

 

საქართველოს უნივერსტიტეტის ბიზნესია „ნეოლაბიც“, რომლის საკუთრებაშია ქონებები თბილსსა და ბათუმში – ნათქვამია სიუჟეტში.

 

საგამოძიებო სიუჟეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

 

„თუმცა… გიულ დედული, რომელმაც შვილიკოს გავლენით სახელმწიფოს თითო ლარად 30 ობიექტი აახია, მაინც ტირის, ჩვენ მიშას პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაჩაგრულები ვიყავით, არაფრის უფლება არ გვქონდაო.

 

წარმოგიდგენიათ? დავიჩაგრეთ, ხელმოკლედ ვცხოვრობდითო.

 

***

ზოგჯერ იკითხავენ ხოლმე, მიხეილი ვის ჰგავსო?

ვის ჰგავს და უფრო მეტად დედას, ტყუილს ისე ჩამოგირაკრაკებს, გული აგიჩუყდება, იმ წამსვე გაგიჩნდება სურვილი, სახლში გაიქცე, განჯინა გამოაღო, თუ რამ ლარები გადაგიდვია, ხელი დასტაცო და მიუტანო. თქვენ გგონიათ, არ აიღებს? თქვენ გგონიათ, უარს იტყვის? თქვენ გგონიათ, თავს გამოიდებს – არა, შვილო, როგორ გეკადრება, ფულის მეტი რა გვაოხრიაო? არააააა… გამოგართმევს, ჯიბეში ჩაიდებს და წავა. თანაც თვალთაგან ცრემლები წამოსცვივა!

 

მიხეილი მამასაც ჰგავს, ისიც კაი თუქსუსია – ბალნეოლოგიური წაიღო და იძახის, მიჭირს, ხმელა პურზე ვზივარო.

 

კი უნდა დასვა ესენი მართლა ხმელა პურსა და ცარიელ მჭადზე, მაგრამ აღნავლდებიან, ტვინს წაიღებენ, არაადამიანურად გვეპყრობიან, გვაწამებენო!

 

***

გიულ დედულის რაღაცნაირი ხმა აქვს – მონოტონური, ტრაგიკული, გეგონება, მის თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ დანარჩენი ყველაფერი მამხდარაო.

 

***

არა, გიულ დედულის ბიზნესის კეთება რომ ეხერხება, ეგ ცხადია, ცხოვრებამ გვაჩვენა, მაგრამ ვფიქრობ, ეგ სამსახიობოზეც უნდა შესულიყო, ტრაგიკულ როლებს ითამაშებდა, იპოლიტე ხვიჩიაც კი გაოგნდებოდა.

 

ჰმ… დავიჩაგრეთო, კაცოოო, ძაან დავიჩაგრეთო, გაიგონეთ?!“ – წერს ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner