2019-2020 წლებში დაფიქსირდა ერთჯერადად ჩასხმული ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის შემთხვევები, მოხსნილი „ჩიპები“ და საწვავის უკონტროლო ხარჯვა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველობის პერიოდს ეხება. აუდიტმა დარღვევები გამოავლინა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა გახარჯა 482.9 ათასი ლარის ღირებულების საწვავი.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 30 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 84 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 5 636.9 ლიტრი საწვავი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.
მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაი სისტემის „ჩიპი“ მყარად არ იყო დამაგრებული ერთ და მოხსნილი იყო ოთხ ავტომანქანაზე. აქედან, სამი „ჩიპის“ ადგილმდებარეობა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ დაადგინეს.