„ამ თემით დაპირისპირება მუნიციპალიტეტის დღევანდელ მთავრობასთან ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია“, - ასე უპასუხა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში გაჟღერებულ ბრალდებებს კორუფციასთან და უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. თბილისის ვიცე-მერმა „ქრონიკაში“ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით კახა კალაძის მერობის პერიოდში გატარდა და განმარტა რა პრინციპით ხდება უკანონო მშენებლობების დემონტაჟი.
„უკანონო მშენებლობის დემონტაჟს აქვს თავისი პროცედურა. ჯერ ნებაყოფლობით უნდა მივცეთ დემონტაჟის საშუალება მშენებლობის განმახორციელებელს, ამის შემდეგ ეძლევა მითითება, მერე გაფრთხილება. თუ გამოდის კონტაქტზე ვხვდებით და ვუხსნით. ამ პროცედურების შემდეგ ვიწყებთ დემონტაჟს. ახლა ნახეთ ორხევში დემონტაჟი, გასულ წელსაც ნახეთ რამდენიმე დემონტაჟი და მანამდეც. ამას მუდმივად ვაკეთებთ და კიდევ გავაკეთებთ, თუ იქნება განხორციელებული უკანონო მშენებლობები. არცერთი უკანონო მშენებლობის მიმართ თავი არ შეგვიკავებია და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია. თუ რომელიმე მშენებლობის მიმართ ჯერ არ არის გატარებული ღონისძიება, უახლოეს პერიოდში აუცილებლად გატარდება“, - განაცხადა ხმალაძემ.