„ბათუმის მუნიციპალიტეტმა 160-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი შეისწავლა, რომლებიც მიჩნეულია ავარიულად. შესაბამისად საცხოვრებლად უვარგისია, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომელიც იქნება სამთავრობო პროგრამა“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ავარიული სახლები ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა როგორც გუნდისგან, ასევე საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისგან. შესაბამისად აჭარის მთავრობა მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროგრამის განხორციელებაში. დღევანდელი მდგომარეობით, 1 600-ზე მეტი ოჯახი უკვე კონკრეტული დასკვნებით ცხოვრობს საფრთხის შემცველ, ავარიულ კორპუსებში და ჩვენი გათვლებით 2025 წლისთვის შევძლებთ 3 ათასზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, პროგრამა მორგებულია თითოეულ მოქალაქეზე.
„რითაც დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, გახლავთ ის საბინაო ფონდი, რომელიც გააჩნია როგორც ბათუმის მერიას, ასევე აჭარის მთავრობას. შესაბამისად, ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს გაუკეთდათ შესაბამისი შეთავაზება, რომ დაახლოებით იგივე არეალში, სადაც ისინი ცხოვრობენ მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრისს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.