ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა ამ მომენტისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა:
გაფრთხილების დრო მცირდება, ხოლო თავდასხმის რისკი იზრდება.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების რუსეთის გამოცდილება და მოსკოვის ხისტი და მუქარის შემცველი რიტორიკა რეალურ საფრთხეს იწვევს.
„ასე რომ, თუ ამ ყველაფერს თავს მოვუყრით, ვგულისხმობ, სამხედრო გაძლიერებას, მუქარის შემცველ რიტორიკასა და რუსეთის გამოცდილებას, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების დაჯგუფებებს შორის სრულმასშტაბური შეტევისთვის საჭირო დამრტყმელი ჯგუფები არ შეინიშნება.