იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო ესკალაციის შემაშფოთებელი რისკი. ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. 2014 წლიდან დღემდე, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 15 000 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჯარისკაცები, მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლუიჯი დი მაიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს.
„ნატოს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია უარი თქვას ღია კარის პრინციპზე და კიევისა და თბილისის მიმართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებულ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის. ამასთანავე, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტის განსაზღვრაზე, რათა მოსკოვს აჩვენოს ის შედეგები, რომელიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.