ქალაქ რუსთავს ბიუჯეტი ისევ არ აქვს - ოპოზიცია, რომელიც საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებს.
არგუმენტი, რომ პროექტების განსახილველად ბიუროს დაკომპლექტება იყო საჭირო, „ქართული ოცნებისთვის“ არადამაჯერებელია. თავმჯდომარის მესამე მოადგილის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ უარმა ოპოზიცია გაანაწყენა. ამის შემდეგ სხდომა კამათის ფონზე გაგრძელდა.
რუსთავის საკრებულოში კიდევ ერთი თანამდებობა კვლავ ოპოზიციის წარმომადგენელმა ჩაიბარა - სხდომა კენჭი „ნაცმოძრაობის“ წევრს, თინათინ ლოცულაშვილს უყარეს. შესაბამისად, 7 წევრით ბიურო დაკომპლექტებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველი ორგანო უფლებამოსილია მომდევნო სხდომაზე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელოს.
„ფული გადავანაწილეთ ისეთ პროექტებზე, რომელზეც იყო მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან. მაგალითად, ესაა კორპუსების გამაგრება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. საკრებულოში ჩვენ ვხედავთ, რომ ორი ოპოზიციური პარტია უკვე სამი თვეა, დაკავებულია მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით. ის ფაქტი, რომ მოსახლეობას აქვს მოუგვარებელი პრობლემები, როგორც ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი არაა“, - ამბობს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე.