სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მმართველობის პერიოდს ეხება. დარღვევები გამოვლინდა ოზურგეთის მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდის შესწავლისას, მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობაშიც. კერძოდ, დაგეგმვასა და კონტროლში იყო არსებითი ხარვეზები. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. ზოგიერთი დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები არ არის ნათელი და დასაბუთებული, ასევე ვერ დასტურდება მათ მიერ შესრულებული სამუშაო. ფაქტობრივი გარემოება: 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 28%-ს სუბსიდია შეადგენდა. სუბსიდიის მუხლით დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტები, რომელთა ხარჯმა 23,020.0 ათასი ლარი შეადგინა. დაფუძნებული ა(ა)იპ/შპს-ების საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი საქმიანობის შესრულების აუცილებლობა და ვერ იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. კერძოდ:
2019-2020 წლებში ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის სუბსიდიურმა დაფინანსებამ შეადგინა 8,245.3 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო განყოფილების უფროსების 12 თანაშემწე, დასუფთავების ჯგუფების 7 უფროსი, მონიტორინგის განყოფილების 10 და ზედამხედველობის ჯგუფის 7 თანამშრომელი, რომელთა ხელფასებზე გაიცა 402.8 ათასი ლარი. აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. გარდა ამისა, ამავე ა(ა)იპ-ში დასაქმებულია დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების 14 სპეციალისტი და 3 − ქვითრების (ჩგდ-ების) დამთვლელი სპეციალისტი. მათ ხელფასებზე დაიხარჯა 185.9 ათასი ლარი. მოსაკრებლის ამოღება ხდება ხელზე, მხოლოდ იურიდიული პირებიდან. ამ რაოდენობის პირთა ჩართულობა მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესში დაუსაბუთებელია, რადგან არსებული პრაქტიკით იურიდიულ პირებს შეუძლიათ მოსაკრებლის გადახდისას გამოიყენონ უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდი.
ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 36 მოსამსახურე. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 36 მოსამსახურე სარგებლობს 6 მცირე ფართის სარემონტო ოთახით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სახის საქმიანობას ეწევიან ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი.
ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 2019 წელს დასაქმებული იყო სპორტული სექციების მონიტორინგის 58, ხოლო 2020 წელს − 61 სპეციალისტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 572.3 ათასი ლარი. აღნიშნულ პირებს ევალებოდა მწვრთნელთა მიერ ჩატარებული სააღმზრდელო საქმიანობის მონიტორინგი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი და შესაფერისი რწმუნება, მონიტორინგის სპეციალისტთა მოცემული რაოდენობის საჭიროების შესახებ, როდესაც ა(ა)იპ-ში 20 დასახელების სპორტული სახეობის სასწავლო სექციაა შექმნილი.
2019-2020 წლებში მუნიციპალური შპს „სატისის“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ხელფასზე დაიხარჯა 21.6 ათასი ლარი. ამ სამსახურის მეშვეობით უნდა მომხდარიყო სოფლებში მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა. აღნიშნული შტატის არსებობა გაურკვეველია: 2019-2020 წლებში შპს-ს არ მიუღია საკუთარი შემოსავლები, რადგან მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის გადასახადის მობილიზება არ განხორციელებულა.
ა(ა)იპ - კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში შექმნილია სიმღერისა და ცეკვის 12 ანსამბლი. 2019-2020 წლებში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 12-დან მხოლოდ 7 ანსამბლი, რასაც ადასტურებს პასუხისმგებელი პირების წერილობითი განმარტებები. დანარჩენი 5 ანსამბლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულებები ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა.
აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური დარღვევებია.