NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, მოუსმინოს რუსეთს; თუმცა, მისივე თქმით, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, აკონტროლებს დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.
„უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და აქვს თავდაცვის უფლება, მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ყველა წევრი თანხმდება და ნათლად ამბობს, რომ ალიანსის წევრებს რუსეთთან ბევრ რამეზე საუბარი შეუძლიათ, თუმცა არ მოხდება კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი გზა, სურთ თუ არა, გახდნენ გახდნენ NATO-ს წევრები.