logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ვხედავთ, რომ სასოწარკვეთილი დამნაშავე ხელაღებით გაურბის კითხვებს
- +

9 თებერვალი. 2022. 18:22

 

„მორიგი სასამართლო პროცესი ლუსტრაციის კიდევ ერთი ფაქტი აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ სასოწარკვეთილი დამნაშავე ხელაღებით გაურბის იმ კითხვებს, რომლებიც აქვს არა მხოლოდ პროკურატურას, არამედ იმ საზოგადოებას, რომელსაც ადარდებს, რომ ამ ქვეყანაში გადასახადების გადამხდელთა თანხები სწორად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობითა და დატვირთვით იხარჯებოდეს. ის ასიგნებები, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი თანხებს ხარჯავდა, სწორედ გადასახადების გადამხდელთა საერთო დოვლათი იყო. ის ამ თანხებს საკუთარ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ახარჯავდა და პირადი ფუფუნების მიზნით, როგორც საკუთარ ჯიბეს, ისე იყენებდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

მან ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესის დატოვებაზეც და აღნიშნა, რომ მან ამ გაქცევითაც აღიარა დანაშაული.

 

„საზოგადოებას აღარ აქვს კითხვა, რომ ეს არის 9-მილიონიანი კორუფციის საქმე. სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები როგორც არ უნდა შეეცადონ ამის შეფუთვას, ეს დადასტურებული ფაქტია. დღეს სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გაექცა - რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რომ ამხელა თანხა, 114 ათასი ლარი უგულავას წონის დაკლებას მოხმარებოდა. მიხეილ სააკაშვილი ასეთ კითხვებს გაურბის. ისინი გაქცევითაც აღიარებენ, რომ ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

 

სხდომა მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაგრძელდა - მან დარბაზი დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner