„იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ოფიციალურ რომს არაერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია ხორციელდება იტალიის მხარესთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ იტალიის პარლამენტში გაიმართება დეპუტატ მატეო დალოსოს პრესკონფერენცია თემაზე „ერების თვითგამორკვევის უფლება – აფხაზეთი და დიდი ევროპა“, სადაც ონლაინ ჩაერთვება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ასლან ბჟანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიტიკოს მატეო დალოსოს ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური არხების მეშვეობით, აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიის მხარეს არაერთხელ გაუკეთებია იტალიის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება.
რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში.
პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.