„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.
„მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, პირისპირ გვქონდეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები, რაც კოვიდის გამო შარშან ვერ მოხერხდა. განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. პირველ რიგში ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას, გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მიმოვიხილავთ საქართველოში განვლილ პოლიტიკურ პროცესებს და ძირითადად საუბარი გვექნება სამომავლო გეგმებზე, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობისთვის. გვექნება შესაძლებლობა, მეტი აქცენტი გავაკეთოთ სექტორული თანამშრომლობის სფეროსა და იმ სექტორებზე, სადაც მეტი თანამშრომლობა და მხარდაჭერა გვჭირდება. გვექნება საუბარი ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულებაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.