ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა იყო გლობალური ეკონომიკური ფაქტორები, რისკები, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული ვითარება.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ვითარება გააცნო. ესაუბრა მთავარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც კოვიდპანდემიის შედეგად მსოფლიოში შეიქმნა. აღნიშნა, რომ ფასების ზრდამ ყველაზე მეტად განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე იმოქმედა, რადგანაც განვითარებადი ქვეყნების სამომხმარებლო კალათებში მაღალია სურსათის წონა, თუმცა ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას.
შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური რისკფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაც გააანალიზეს და ყურადღება გაამახვილეს იმ რეგიონალურ, გეოპოლიტიკურ რისკებზე, რომლებმაც, გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა პოტენციური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა ფინანსური სტაბილურობის შეფასების დოკუმენტებმა (International Monetary Fund Financial System Stability Assessment და World Bank Financial Sector Assessment Report) ცალსახად დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ეფექტური ზედამხედველობისა და რეფორმების წვლილი მძიმე პანდემიურ პერიოდში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან, პოლიტიკური ოფიცერი ჯინ ფოსტერი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.