ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ კოლეგების მიმართ ის კრიტიკული განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რადგან პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატიულ რეფორმებს აფერხებენ.
„კრიტიკული აზრი მე დღეს და გუშინ არ ჩამომიყალიბდა. „ქართულ ოცნებაში" 2013 წლის აპრილში გავწევრიანდი და გავხდი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, რამდენიმე თვეში - ამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, შემდეგ კი კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრი. ჩემი მხრიდან კრიტიკული აზრი იყო ყოველთვის და გეტყვით, რომ საკმაოდ კრიტიკულიც. მე არასოდეს ვერიდებოდი ამ აზრის გამოხატვას კოლეგებთან პოლიტსაბჭოს სხდომებზე. მაგრამ როდესაც მივხვდი და დავინახე ცხადად, რომ ამ აზრის გათვალისწინება არ ხდება ჩავთვალე, რომ ამ საკითხებზე გაცილებით უფრო მკაფიოდ, ხმამაღლა და საჯაროდ მესაუბრა. ვიხსენებ, თუნდაც ბოლო 2 წლის ინტერვიუებს, არ მახსენდება არცერთი, რომ არ მესაუბრა გამოკვეთილად პარტიაში დემოკრატიული პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე. როგორც ჩანს, ვიღაცეებისთვის ეს იყო „მგლის თავზე სახარების კითხვა" და ახლაც ასეა. კრიტიკულ განცხადებებს ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, თუ ამის გამგონი გაიგებს, ვისაც ეს ეხება", - განუცხადა „რეპორტიორს" ახვლედიანმა.
პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი კოლეგის, თეიმურაზ ჭკუსელის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ჭკუასელი ამბობს, რომ არმაზ ახვლედიანის კრიტიკა მისსავე პირად წყენას უკავშირდება.
„წყენა არ მქონია და არ მაქვს. განსაკუთრებული სურვილი უმაღლეს პარტიულ ხელმძღვანელობაში ყოფნისა, არასოდეს მქონია, მაგრამ რადგან ასე მოხდა, მე ვერ გავჩერდები, ვერ ვიქნები სხვებივით გულხელდაკრეფილი, ერთმანეთს რომ ტაშს უკრავენ და ხოტბას ასხამენ. სანამ თვითკრიტიკულობის განცდა არ ექნებათ პარტიულ ხელმძღვანელებს და სანამ თვითკმაყოფილების მორევში იქნება ზოგიერთი პარტიული ლიდერი, მანამ არაფერი ეშველება მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ პარტია დროულად უნდა გათავისუფლდეს ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებისგან და კარი გაუხსნას თანამედროვე, განათლებულ, გამოცდილ, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. პარტიაში მოკალათებულ ბებერ პოლიტიკურ ნიანგებს კი ასეთი რეფორმა არ აწყობთ, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათი ადგილი იქ ვეღარ იქნება. ვგულისხმობ კონკრეტულ პირებს, მაგრამ დასახელებისგან თავს იმიტომ კი არ ვიკავებ, რომ ვინმეს სახელი და გვარი დამავიწყდა, არა! არამედ იმიტომ, რომ ამ ბატონებმა თავიანთი თავები უკვე ამოიცნეს ჩემს ნათქვამში. რომც ვერ ამოიცნონ, საზოგადოებამ უკვე ამოიცნო ისინი", - განაცხადა ახვლედიანმა.
აპირებს თუ არა დატოვოს პარტიის პოლიტსაბჭო, ახვლედიანი პასუხობს: - „მე ვარ პარტიის პოლიტსაბჭიოს წევრი და ვიბრძოლებ ბოლომდე. იმედი მაქვს, არაერთი თანამოაზრე გამომიჩნდება ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ამ პარტიის და კოალიციის იდეის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს და მასთან ერთად განათლებულ და დემოკრატიულად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრს უნდა დაეხმაროს ყველა, რომ მოხერხდეს რეალური, სწორი, დროული დემოკრატიული რეფორმების დაწყება", - ამბობს ახვლედიანი.