საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დე ფაქტო მთავრობის მიერ გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა.
„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში.
საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმების სხვა დროსაც, არა ერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“, - აცხადებს ნარჩემაშვილი.
ინფორმაციისთვის, სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. მინისტრმა ინალ არძინბამ შესაბამისი მიმართვა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის სახელზე გაეროს ხელშეწყობის რუსეთის ასოციაციის პირველ მოადგილეს ალექსეი ბორისოვს გადასცა.