„დავით კეზერაშვილი, როგორც ფინანსისტი დიდი ხანია დამოუკიდებელ ფიგურას წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ალასანიასთან მას დიდი ვალდებულებები ნამდვილად არ გააჩნია“, - ამის შესახებ ექსპერტმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილს სურს პოლიტიკაში ჩადოს ეს ფული და შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვრევის ხარჯზე ის ფრთა, რომელსაც ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა.
„კეზერაშვილი ახალგაზრდა კაცია, მას აქვს მოპარული, უკანონოდ ნაშოვნი დიდი ფული, მაგრამ აქვს და მას სურს პოლიტიკაში ჩადოს ეს ფული და შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვრევის ხარჯზე ის ფრთა, რომელსაც ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა. თვეების განმავლობაში ვაკუუმში არიან ამ თვალსაზრისით. კეზერაშვილს სურს შექმნას პარტია, რომელსაც ექნება პოლიტიკური პარტიის სილუეტი, რომელიც მისაღები იქნება იგივე ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ ეთერში ნიკა მელია ცდილობდა აეხსნა მისი დამოკიდებულება. ის ვერ ხედავს ამ ორგანიზაციაში პარტიას და მას უნდა, რომ ეს პარტია შეიქმნას. თუ ფინანსები ექნებათ კეზერაშვილისგან, ტელევიზია აქვთ და თუ იმ პარტიას არასამთავრობო სექტორიც მიეკედლება, რომელიც დღეს გვინდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, ეს არის უკვე იმის საფუძველი, რომ რაღაც შეიქმნას. მთავრი კრიტერიუმი, რომლითაც იგივე დასავლეთი მხარს უჭერს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, დემოკრატიული პრინციპებია. რა დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი დეკლარირებულად პატივს არ სცემს არც საქართველოს კონსტიტუციას, არც სასამართლოს, არც კანონმდებლობას, რომელიც შავ სიებს ქმნის და როგორ გინდა ამ ადამიანს მხარი დაუჭირო?! არადა სჭირდება დასავლეთს დასაყრდენი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც კონსტიტუციურ კალაპოტში გააგრძელებს თავის წინსვლას. რატომღაც მელიას ჰგონია, რომ ის არის ის ლიდერი, რომელიც ახალგაზრდობასაც მიიბამს და წაიყვანს წინ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუნდაც ამ ნამსხვრევების ფონზე“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.