ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
მისი თქმით, ოპოზიციური არხებიდან საქართველოს დელეგაციის წარმატებულ და მრავალმხრივ ვიზიტის შესახებ ვერ გავიგებთ სკანდალისა და ფეიკის ასაგორებლად ფაქტობრივი მასალების არქონის გამო.
„დღეს გვარამია/მელაძე/სანაიას გაერთიანებული ОРТ-ს ფილიალებიდან თქვენ ვერ შეიტყობთ დიდ ბრიტანეთში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის წარმატებული და მრავალმხრივი ვიზიტის შესახებ. ვერ გაიგებთ სკანდალისა და ფეიკის ასაგორებლად ფაქტობრივი მასალების არქონის გამო. ჩვენ კი თეზისურად და მათ „გულების გასახეთქად“ დავუთმოთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენი დროც და ადგილიც: პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანული კვლევითი ცენტრის – გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის (The Royal United Services Institute) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე.
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა, რა დროსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოსა და ფართო რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე - ტომ ტუგენჰატმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის თავმჯდომარეს, ჯონ მაკფოლს შეხვდა, რა დროსაც ისაუბრეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. დღეს დაგეგმილია შეხვედრა ვესტმინსტერის ფონდთან, სადაც მთავარი საკითხები იქნება უკრაინის კონფლიქტი, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, ბიზნესის განვითარება და ბრიტანული ინვესტიციები. ვიზიტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და NATO-საქართველოს კომისიის მუშაობაში შალვა პაპუაშვილის წინა წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, ეს არის საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარის უკვე რიგით მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო „ვოიაჟი“, - წერს ქართველიშვილი.