logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბატონ შალიკოს აუცილებლად უნდა ჩამოერთვას სადეპუტატო მანდატი!
- +

10 თებერვალი. 2022. 18:27

 

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ანუ ისევ მოუნდა ბიჭსა!

 

როგორ ფიქრობთ, რატომ მოუნდა? იმიტომ, რომ ახლა დადგა „საშინელი“ რეალობის წინაშე!

 

რა არის მისთვის „საშინელი“ რეალობა?

 

ე.წ. ხელფასის გაუქმება, მისი ერთკაციანი პარტიის დაფინანსების შეწყვეტა, სამივლინებო თანხებისა და საწვავის ტალონების შეწყვეტა!

 

ტიპი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ითვლებოდა პარლამენტის წევრად, მაგრამ დღემდე იქ ფეხი არ შეუდგამს, დღეს აცხადებს, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ, თურმე პარლამენტიდან მისი გარიცხვის საფუძველი არ არსებობს.

 

ბატონი შალიკო ისევ ვირეშმაკობს, იგრძნო რა საკანონმდებლო ორგანოდან „დაპაშოლების“ საშიშროება, სახეზე სხვანაირი, ცოტაოდენ მოსაწყლებული ნიღაბი მოირგო და თავისებურად ამოიქოქა:  მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი არ გამოვიდა, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარეთ, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში დაბრუნება მოითხოვა, ახლა ვალდებულნი ვართ, ხალხისა და ქვეყნის გაჭირვება გავითვალისწინოთ, მზად ვართ, ამ ძნელ საქმეს შევეჭიდოთო.

 

ნახეთ, თან მრავლობითში ლაპარაკობს, გეგონება პარლამენტში „ლეიბორისტების“ მთელი „ტალპა“ შედის. ერთი მანდატი რომ ერგო სულწაწყმედილ შალიკოს, მაგასაც მალავს, უტყდება, მაგრამ რა ქნას? თან სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთო, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პარლამენტში „ლეიბორისტების“ დაბრუნება მოითხოვა, სხვა გზა აღარ გვაქვსო.

 

რომელ აბსოლუტურ უმრავლესობაზე ლაპარაკობს 0001%-იანი ე.წ. ლიდერი? ასეთი უმრავლესობა არ არსებობს, ის მარტო დარჩა და რაკი ყველა „სიკეთეს“ კარგავს, რაც აქამომდე კურიოზული კანონის გამო მიიღო, სხვა გზა მართლაც აღარ დარჩა - მოსახლეობა, გამოკითხვა და მსგავსი ზღაპრები სოფელ ვაქირის იმ ორღობეში მოსაყოლად თუ გამოდგება, სადაც 2007 წლის შემოდგომაზე იმალებოდა.

 

ბატონ შალიკოს აქვს „იქით შედავებისა და აქეთ შერჩენის“ მეთოდი და სხვათა შორის, მანამდე ეფექტურად იყენებდა, სანამ დაუძახებდნენ, ოე, გეყოფაო!

 

დიახ, ყველას იქით ედავება, ყველა იქით არის კორუმპირებული, გაყიდული, ბოტი, ტროლი, ყაჩაღი, მაიმუნი და გათახსირებული, თვითონ არა, თვითონ პატიოსანია, წმინდანი, პატრიოტიზმით განმსჭვალული, დიდი მამულიშვილი!

 

არადა... ეგეთი აფერისტი, ეს როა, ცხოვრებაში არ მინახავს!

 

ნათქვამია, ტარანი თვლით არისო, ჩვენც დავითვალოთ, რა პრობლემაა?

 

„ვარდების რევოლუციამდე“ თბილისის საკრებულოში ძირითადი ძალები იყვნენ ლეიბორისტული პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილი). სამწუხაროდ, იყო ასეთი დროც. მაშინ სააკაშვილს ტრამპლინად სჭირდებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა. ნათელაშვილმა მას ტრაკქვეშ შეუცურა სავარძელი და როგორ ფიქრობთ, ეს გააკეთა სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო? არა, ბატონებო და ქალბატონებო, მან ეს ადგილი გაყიდა!

 

2003 წლის ე.წ. რევოლუციის შემდეგ, შალვა ნათელაშვილთან „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი ძირითადად ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას მოადგილის - სოსო თოფურიძის შუამავლობით.

 

2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ გამოქვეყნდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, სადაც დასტურდებოდა, რომ ბადრი პატარკაციშვილი, მისი წარმომადგენლის - ანატოლი მოტკინის საშუალებით აფინანსებდა შალვა ნათელაშვილს. იმავე პერიოდში ნათელაშვილმა ერთი ამბავი ატეხა, დასაჭერად დამდევენო. თითქოს იყო რაღაც მცდელობებიც, მაგრამ როცა ის ე.წ. „მიმალვაში“ წავიდა, მალევე მოაბრუნეს, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურაც დააყენებინეს და „მაყუთიც“ გადაუხადეს. ამ საკითხზე მოლაპარაკება ნათელაშვილთან მიმდინარეობდა სოსო თოფურიძის მეშვეობით. მან მოითხოვა 100 000 აშშ დოლარი და მიიღო კიდეც.  დანარჩენი თვითონაც კარგად იცით, ნათელაშვილი გამოვიდა ე.წ. „მიმალვიდან“, დედაქალაქში დაბრუნდა სოფელ ვაქირიდან და შემოგვთავაზა თავისი კანდიდატურა, რათა სხვა კანდიდატებისთვის ხმები წაერთმია.

 

ასევე  ცნობილია,  რომ  2008  წლის  საპარლამენტო  არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმავე სოსო თოფურიძის საშუალებით შალვა ნათელაშვილს შესთავაზა, ლეიბორისტული პარტიის გამსვლელ სიაში, პარტიის ხუთეულში ჩაესვა სოსო თოფურიძის ნათესავი, მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე. ამ საქმეში „ნაცმოძრაობამ“, ანუ მიხეილ სააკაშვილმა გადაიხადა 50 000 აშშ დოლარი. ნუგზარ ერგემლიძე ლეიბორისტული პარტიის სიიდან გახდა 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

ხომ მაგარი სქემები და კომბინაციები აქვს დამუშავებული დიდ ქართველ მამულიშვილსა და პატრიოტიზმით გამორჩეულ შალვა ნათელაშვილს, რომელიც ახლა აცხადებს, პარლამენტიდან ჩემი გარიცხვის საფუძველი არ არსებობსო?

 

გარიცხვა ცოტაა, სამი თითის კომბინაციაც უნდა აჩვენონ!

 

ჰო, ჯერ არ დამიმთავრებია... ასევე ცნობილია, რომ შალვა ნათელაშვილს გააჩნია საბანკო ანგარიშები ავსტრიაში, სადაც რიცხავს მის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს ლეიბორისტული პარტიის სიაში ადგილების გაყიდვით მიღებულ ფულს. მას ავსტრიაში ასევე აქვს კერძო სახლი. ავი ენები იმასაც ამბობენ, ნათელაშვილი მეუღლის, ბელა ალანიას საშუალებით  მევახშეობასაც ეწეოდაო. ფულის გაპროცენტება ხდებოდა ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრის და შალვა ნათელაშვილთან დაახლოებული პირის, ნინო მეტრეველის დახმარებით.

 

სხვათა შორის, ფულის გაპროცენტებას არ ერიდებოდნენ პარტიის წევრებზეც - მაგალითად, იმ პერიოდში „ლეიბორისტების“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის, კახა ძაგანიას დედას საკმაოდ დიდი თანხა ისე მიაპროცენტეს, კახა ძაგანიამ ამაზე არაფერი იცოდა, ამ თემაზე თვითონ ღიად ლაპარაკობს.

 

შალვა ნათელაშვილს დეპუტატებმა დაუთვალეს და აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან სახლში წაღებული აქვს 5 მილიონი ლარი. ის ხდებოდა დეპუტატი, საკრებულოებში გაჰყავდა თავისი ხალხი, ფინანსდებოდა პარტია, 2008 წლის შემდეგ არასოდეს შესულა საკანონმდებლო ორგანოში, რატომ უნდა ეცხოვრა ასეთ თაღლითს ფუფუნებაში და ამავე დროს თითი გაეშვირა სხვისკენ?

 

არაფერი გაუკეთებია, ფეხებზე ეკიდა, გესმით? ამდენ ფული კი  მიჰქონდა!

 

მეტიც, ამდენ აფიორაზე რომ არაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში წერდა ყალბ მივლინებებს, იღებდა ბენზინის ტალონებს, მერე მიდიოდა ე.წ. ტელევიზიებში და ყბედობდა, რომ ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებს, გაჭირვებაა, ბავშვები იხოცებიან და ასე შემდეგ.

 

კანონის თანახმად, თუ დეპუტატი 4 თვე უმიზეზოდ არ გამოცხადდება სამსახურში, მას უნდა ჩამოერთვას სადეპუტატო მანდატი. ბატონმა შალიკომ ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე იფიქრა 14 თვე, ანუ 10 თვით მეტი. მას აქამდე უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება, მაგრამ რატომღაც გაიწელა.

 

„ნაციონალებთან“ აფილირებული არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნათელაშვილი და მსგავსნი არ გარიცხოთ, კანონით კი არა, სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელეთო (ამათაც მაგრად ასხიათ!). არადა, ხალხისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესი კანონის დაცვაა და ამიტომაც, ბატონ შალიკოს აუცილებლად უნდა ჩამოერთვას ქაღალდი, ანუ სადეპუტატო მანდატი!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner