ორბელიანების სასახლეში ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსი, ისე სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს პროცესში ჩართვისა და დისკუსიაში მონაწილეობის მზაობისათვის.
„მადლობელი ვარ, იმისთვის რომ მოხვედით სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური აზროვნების მქონე ადამიანები. ეს არის ის ნიშანი, რომ ყველას ყველასთან შეუძლია დაჯდომა, ყველას ყველას მოსმენა შეუძლია და თუ ეს ვერ შევძელით და ვერ გავიტანეთ გარეთ საზოგადოებაში, ჩვენ არც საზოგადოება ვიქნებით და არც ქვეყანა არ გვექნება!
მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე – რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.
ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეხვედრა დასრულებამდე დატოვეს „დროასა“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა.