საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი ლონდონში შეხვედრებს აგრძელებს. ნინო წილოსანი თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქეროლაინ ნოუქს შეხვდა და შეხვედრის შესახებ Facebook-ზე შეაფასა.
„ქეროლაინის მხრიდან საკმაოდ ობიექტურად აღინიშნა საქართველოს პროგრესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ბრძოლაში. მათ შორის ხაზი გაესვა ჩვენ მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილეთ ის ინიციატივები, რაც გენდერულ საბჭოს აქვს და ვიმსჯელეთ რა კუთხით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა. მიხარია, რომ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი შეხვედრა გამოგვივიდა, რასაც აუცილებლად ექნება საქმიანი და პროდუქტიული გაგრძელება“, - წერს წილოსანი.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობენ. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია შედიან.