თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ დმანისის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა ჩხვიმიანის განცხადებებს გამოეხმაურა. ვიცე-პრემიერის თქმით, ის ლაშა ჩხვიმიანს პირადად არ იცნობს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბების შემდეგ რეჟისორს უწყების წარმომდგენლებთან კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონია.
„მე რომ ლაშა ჩხვიმიანი ვიყო, არ ვიტყოდი, რომ დმანისის თეატრი მე მოვიტანე ზურგით. ალბათ ეს, რბილად რომ ვთქვა, უსამართლობა იქნებოდა თუნდაც ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძისა და ძველი თაობის ბევრი სხვა დამსახურებული ადამიანის წინაშე. მე რომ ვიყო ლაშა ჩხვიმიანი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, გამოცდილი რეჟისორია, მივესალმებოდი მის დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას. რა თქმა უნდა, ჩხვიმიანმა 4 წელი აქტიურად იმუშავა მწირ პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა გაიგზავნოს სამინისტროდან უფრო მასშტაბური, გამოცდილი და უფრო დიდი იმედების რეჟისორი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ წლების მერე იგივე რეჟისორი ჩაუდგეს ამ თეატრს სათავეში“, - განაცხადა წულუკიანმა.
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.