სანამ ვიქნები თანამდებობაზე, შევეცდები ჩემს მომდევნო კულტურის მინისტრს დავუტოვო უკეთესად მართული სამუზეუმო ფონდები. ყოველ შემთხვევაში სწორად აღწერილი, პასპორტიზაცია ჩატარებული და სწორად მართული იმ კეთილსინდისიერი თანამშრომლებით, რომლებიც სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად დარჩნენ და რომელთაც ჩვენ მცირედით, მაგრამ უკვე გავუზარდეთ ხელფასი, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კულტურის მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა გაგრძელდება.
„ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თავიანთი რეალურად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. მართალი, ქაოსური მართვის პირობებში, მაგრამ ეს რიგითი თანამშრომლის ბრალი არ არის, ეს არის ცუდი მენეჯმენტის ბრალი. აქვე, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებ იმ ადამიანებს, ვინც ამბობდა, იბრძოდა, არავინ უჯერებდა და უმტყუნა გულმა ან სხვა პრობლემა შეექმნათ ჯანმრთელობის და დღეს ჩვენთან აღარ არიან. ასეთია, მაგალითად, საგანძურის მცველი ელენე კავლელაშვილი“, - განაცხადა წულუკიანმა.