საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, რიჩარდ ბერჯს შეხვდნენ.
დელეგაციის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შესაძლებლობებს შეეხო.
„მოგეხსენებათ, ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფინანსური ცენტრი და 400 ათასზე მეტი ბიზნესი არის დარეგისტრირებული, რომელიც იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობების ქალაქი და შესაბამისად, გვქონდა საუბარი საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მას ასევე ვუთხარით იმ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც საქართველოში არსებობს უცხოური ინვესტიციებისთვის. შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდება, ლონდონის სავაჭრო პალატიდან მივიღებთ სხვადასხვა ბიზნესებისგან შემდგარ დელეგაციას, რომელსაც გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი შედიან.