„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა და ის არ გეგმავს არავითარი პოლიტიკური შეთანხმების მომზადებას, ამაზე არ არის საუბარი. საუბარი იყო შეფასების მომზადებაზე, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს გასულ 30 წელს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართება, მაშინ „ქართული ოცნება“ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს.
„რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ გვქონდა მასთან შეხვედრა და ის არ გეგმავს არავითარი პოლიტიკური შეთანხმების მომზადებას, ამაზე არ არის საუბარი. საუბარი იყო შეფასების მომზადებაზე, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს გასულ 30 წელს. პირველ რიგში 90-იან წლებს, მერე „ნაცმოძრაობის“ მმართველობას. ჩვენ მზად ვართ, რომ შევაფასოთ ჩვენი მმართველობის პერიოდიც. ასეთი დოკუმენტი თუ შედგება, ამასაც თავისი რისკები აქვს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. საუბარია უახლოესი ისტორიის შეფასებაზე. თუ შეიძლება, ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართოს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ პრეზიდენტთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
ჩვენ თუ შევაფასებთ იმას, რომ სააკაშვილის მმართველობა იყოს თავისი არსით ავტოკრატიული და არაადამიანური, ამას ხომ უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შედეგები? მე მგონია, რომ ეს ასე უნდა იყოს. თუ შეფასდება რეჟიმი, როგორც არაადამიანური და ავტოკრატიული, ამას უნდა ჰქონდეს თავისი პოლიტიკური შედეგები. ჩვენი ხელისუფლების პერიოდიც შევაფასოთ. თუ ვინმე დაადგენს, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ან ავტოკრატიული ან არაადამიანური, ესეც შევაფასოთ. შევაფასოთ, როგორი იყო წინა მმართველობა და როგორია დღევანდელი მმართველობა, ვინ აწამებდა, ვინ არ აწამებს, ვინ კლავდა, ვინ არ კლავს და ა.შ. შევაფასოთ ეს ყველაფერი და ამის მიხედვით გავაგრძელოთ შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ჩვენს ინტერესებში. თუ ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფერში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.