logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის შემცირების გასაღები არის „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და აქეთკენ მივდივართ
- +

11 თებერვალი. 2022. 11:49

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ პოლარიზაციის შემცირების გზებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად.

 

მისივე პროგნოზით „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან შესაძლოა, ახლო მომავალში „გაქრეს“. მისი განმარტებით, მმართველ ძალას შეუძლია, რომ 2024 წლამდე პრინციპულად დაასუსტოს ეს პოლიტიკური ძალა და ამ მიმართულებით პროცესებს, არჩევნების შემდეგ, სწორი ტენდენცია აქვს.

 

„ჩემი გადმოსახედიდან, მთავარი ფაქტორი ამ პოლარიზაციაში არის ის, რომ რიგით მეორე პოლიტიკური პარტია საქართველოში თავის დროზე სჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს და მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ იქცნენ სისტემურ მოთამაშეებად ამ პოლიტიკურ სისტემაში. ამის რესურსი არ აქვთ და სწორედ ამიტომაა, რომ მათი ყველა მედიასაშუალების მიერ ხდება სიძულვილისა და სიცრუის ყოველდღიური გენერირება. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ საზოგადოებას შეუქმნა დადებითი განწყობა პოლიტიკის მიმართ, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, იმიტომ, რომ ყველა ამის ნაწილია და ყველა ამ ქვაბშია მოხარშული საზოგადოების თვალში. დამნაშავის მხრიდან თუ აღიარება არ არის, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის რესურსს, რომ ისინი გახდებიან კეთილშობილი მოთამაშეები ამ პოლიტიკურ სისტემაში, ამიტომ პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი განშტოებით და აქეთკენ მივდივართ. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი არიან მოშლილები და დასუსტებულები, სააკაშვილი - მათი ბელადი, არის ციხეში. რა თქმა უნდა, ტენდენცია და მიმართულება არის სწორი, მთავარია, რომ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაში არის ქართული პოლიტიკისა და ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების გასაღები, მათ შორის, ეს ტელევიზიები რომ სიცრუეს და სიძულვილს აღარ უნდა ავრცელებდეს, ამისი გასაღებიც არის „ნაცმოძრაობის დასუსტებაში“, რაც უფრო სუსტი იქნება „ნაცმოძრაობა“ მით უფრო ნაკლები იქნება სიცრუე და სიძულვილი“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით, იქამდე სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ველზეა, პატარა ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს წარმატების საშუალება არ ექნებათ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პროპაგანდითა და ფინანსური რესურსით, მათ უკანა პლანზე სწევს.

 

„ხალხმა მილიარდები მოიპარა, ახლა ამ მილიარდებს აბანდებენ პოლიტიკაში, რისი რესურსიც არცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. ზუსტად მაგიტომ არის ეს ორპოლუსიანი მოცემულობა, ერთი მხრივ არის ეს მმართველი პარტია, რომელსაც აქვს თავისი რესურსი და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ჩვენი კამპანიის დაფინანსება, არ გვაქვს ფინანსური პრობლემები და გვაქვს შესაბამისი მოცემულობა ამ პოლიტიკურ სისტემაში, აქეთ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც მოპარული ფულით თავს ინარჩუნებს და თავის შენარჩუნების ნაწილია ის, რომ ისინი იღებენ 500 ათას ხმას არჩევნებში. ამ ვითარებაში, არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკურ ძალას არ აქვს წარმატების საშუალება, ამიტომ იღებენ ისინი 500 ათას ხმას. როგორც კი ვინმე გამოჩნდება, თავისი მედიასაშუალებებისა და ფულის წყალობით, ეგრევე ახერხებენ მათ უკანა პლანზე გადაწევას, მარტივი მოცემულობაა.

 

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის, რომ ოპოზიცია გაჯანსაღდეს, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და მთლიანად დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციის წყარო და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner