logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვჭირდება მტკიცებულება, რომ სისტემური პრობლემებია სასამართლოში - ზეპირი საუბარია: „კლანი“
- +

11 თებერვალი. 2022. 12:02

 

„როდესაც „ნაცმოძრაობა“ არ ენდობა სასამართლოს, ეს არის ზუსტად ინდიკატორი იმისა, რომ ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება სასამართლოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის ხარვეზები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან დაწყებული ყველა შეთანხმების პირობა ზედმიწევნით შეასრულა.

 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას და ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, კობახიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არავითარი „კლანი“ არ არსებობს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომები საბჭოურ, ბოლშევიკურ მეთოდებს ჰგავს.

 

„რაც იყო აქამდე მოქმედი პოლიტიკური შეთანხმება, ყველაფერი შევასრულეთ; პირველი იყო, 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ყველა პუნქტი ზედმიწევნით შევასრულეთ, უფრო მეტიც, გადაჭარბებით შევასრულეთ. მეორე იყო 19 აპრილის შეთანხმება, სადაც შესრულდა ყველა ის პუნქტი, რაც აქტუალური იყო მის ანულირებამდე. რამ გამოიწვია ანულირება, კარგად იცით, - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და კიდევ სხვა, სამი ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიის მიერ, ასი დღის განმავლობაში, ამ შეთანხმების ხელმოუწერლობამ, ანუ კონკრეტული, მყარი საფუძველი ჰქონდა ანულირებას. ვიდრე მოქმედებდა ესა თუ ის პოლიტიკური შეთანხმება, ჩვენ არცერთი შეთანხმების შესრულებაზე არ გვითქვამს უარი.

 

სასამართლოს არ ენდობიან წინა რეჟიმის შემქმნელები და ამ რეჟიმის თანამონაწილეები. ვგულისხმობ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებებს და ა.შ. უნდობლობა არის მათ მხარეს და ეს არ არის განზოგადებადი. სასამართლო, 2012 წლის შემდეგ, არის ფუნდამენტურად და რადიკალურად შეცვლილი. რაც შეეხება სასამართლო კორპუსს, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის განცდა, რომ თვითონ ჰქონდათ კონტროლი მაღალი ხარისხით, მანამდე ისინი ითხოვდნენ არსებული მოსამართლეების შენარჩუნებას. შემდეგ, როდესაც ნახეს, რომ ეს კონტროლი დაკარგეს, კონკრეტული მოსამართლეები გახდნენ მიუღებელი. მათი მოთხოვნა იყო მოსამართლეების კორპუსის დატოვება, ამის მიუხედავად მაინც მოხერხდა და დაახლოებით 2/3-ით განახლდა სასამართლო კორპუსში.

 

როდესაც „ნაცმოძრაობა“ არ ენდობა მას, ეს არის ზუსტად ინდიკატორი იმისა, რომ ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო 2012 წლამდე. რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება სასამართლოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის ხარვეზები და ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ რეფორმაზე. გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც არავის წარმოუდგენია დღემდე. არის ზეპირი საუბარი, „კლანი,“ „რაღაც ხდება“ - საბჭოური მეთოდებით კლიშეების მიკერება, ეს არის სუფთა საბჭოური, ბოლშევიკური მეთოდები, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ და მასთან აფილირებული ორგანიზაციებისთვის არის დამახასიათებელი, ამის იქით არის სიცარიელე, არავითარი ფაქტები და მტკიცებულებები არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner