logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მათი პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია 64 კაცით არის წარმოდგენილი და შეიძლება იყოს 61-ით
- +

11 თებერვალი. 2022. 12:03

 

„ბადრი ჯაფარიძისთვის ძალიან ძნელია თაღლითობის აღიარება და როცა არ აღიარებ ასეთ ბრალს, ამ შემთხვევაში, შენ ხარ იძულებული, დაუპირისპირდე სისტემას, როდესაც სისტემას არ აღიარებს პოლიტიკოსი, სისტემამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მისი სისტემაში შენარჩუნების თაობაზე? რა თქმა უნდა, ეს ალოგიკურია“, - ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" ის , თუ რა ლოგიკურ საფუძველს შეიძლება დაეყრდნოს გადაწყვეტილება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

მისივე განმარტებით, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, კონსტიტუციაში წერია, რომ თუ პირს შეეფარდა სასჯელი, პარლამენტის დისკრეციული პოლიტიკური უფლებამოსილება, შეუწყვიტოს მას მანდატი.

 

ამასთანავე, მან იურისტებს, ვინც ბადრი ჯაფარიძისთვის გამოტანილ განაჩენს პარადოქსულს ეძახის, ე.წ. იურისტები უწოდა, ვინც საკუთარ პროფესიას პატივს არ სცემენ.

 

„პირველ რიგში, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ეს იურისტები არიან ე.წ იურისტები ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ისინი აბსურდს ამბობენ - ისინი აცხადებენ, რომ თითქოს მოსამართლემ შეითავსა პროკურორის ფუნქცია და პროკურორის ფუნქციიდან გამომდინარე შეუცვალა კვალიფიკაცია ამ საქმეს, რაც არის ისეთი მარტივი ტყუილი, რომ იურისტმა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას, ეს არ უნდა იკადროს. წარმოიდგინეთ ასეთი შემთხვევა, რომ პროკურორი ითხოვს ადამიანისთვის სასჯელის დაკისრებას, მაგალითად, მკვლელობის მცდელობის გამო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არის მკვლელობის მცდელობა, მაგრამ არის სხეულის განზრახ დაზიანება და მოსამართლე იძულებულია, თუ არ ეთანხმება პროკურორის კვალიფიკაციას, გაუშვას ბრალდებული? სისულელეა! ასეთ სისულელეს ამბობენ ე.წ . იურისტები. გამოიყვანენ 10 იურისტს, ათივე არის ე.წ. იმიტომ, რომ პროფესიას პატივს არ სცემენ და ასეთ სისულელეს ამტკიცებენ.

 

სამართლებრივად კონსტიტუციაში გვიწერია, რომ თუ პირს შეეფარდა სასჯელი, ამ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს მას მანდატი.

 

ახლა რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არის თუ არა მიზანშეწონილი პოლიტიკური თვალსაზრისით უფლებამოსილების შეწყვეტა, - ბადრი ჯაფარიძისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია თაღლითობის აღიარება, შეუძლებელი პოლიტიკოსის სტატუსის შეთავსება ამ აღიარებასთან და როცა არ აღიარებ ასეთ ბრალს, შენ ხარ იძულებული დაუპირისპირდე სისტემას. ამ სისტემის ნაწილია სასამართლოც, პარლამენტიც, მთავრობაც და ყველაფერი ერთად და როდესაც სისტემას არ აღიარებს პოლიტიკოსი, სისტემამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მისი სისტემაში შენარჩუნების თაობაზე? რა თქმა უნდა, ეს ალოგიკურია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტს, კობახიძემ აღნიშნა, რომ მას ეს უფლება ორჯერ შეუნარჩუნეს, თუმცა მან აქედან დასკვნები ვერ გამოიტანა.

 

„უმრავლესობაში უნდა შედგეს, პირველ რიგში, განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით. სამშაბათამდე გვექნება ამაზე მსჯელობა. ჩვენ გვინდა, რაღაც პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ, როცა მივიღებთ ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ხოშტარიასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ვითარება, ის ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს მას საპარლამენტო მანდატი, - ასეთი უდიერი დამოკიდებულება ზოგადად პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, აჩვენებს ბევრ რამეს. რაც შეეხება ნათელაშვილს, ორჯერ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გარემოებების მიუხედავად მას არ შევუწყვიტეთ მანდატი, თუმცა ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში მან აქედან რეალური დასკვნები ვერ გამოიტანა, გაუჭირდება მას ზოგადად ცხოვრებაში დასკვნების გამოტანა.

 

დღეს ნათელაშვილი სამართლებრივად არის პარლამენტის წევრი და აქედან გამომდინარე, როდესაც მან მიმართა პარლამენტის აპარატს, აპარატი იყო ვალდებული მისთვის გამოეყო ოთახი და დაემზადებინა შესაბამისი აბრა, ეს არის წმინდა ტექნიკური მხარე აპარატი სხვანაირად ვერ იმოქმედებდა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ის, რომ 66 დეპუტატის ნაცვლად, ხვალ შეიძლება პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი დარჩეს.

 

„არა მარტო 145, 105-კაციანიც რომ იყოს და 95-კაციანიც პარლამენტი, არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ არის და რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, სიები მათ გაანულეს, სხდომები მათ გააცდინეს, დანაშაული მათ ჩაიდინეს განცხადებები მათ დაწერეს, მათი პასუხისმგებლობაა ის, რომ ნაცვლად 66 კაცისა დღეს ოპოზიცია არის წარმოდგენილი 64 კაცით და შეიძლება იყოს წარმოდგენილი 61 კაცით. მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა. კიდევ იზამენ იმავეს?! ეს იქნება მთლიანად მათი პასუხისმგებლობა, ეს ხომ ვერ იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა?“ - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner