აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან კიდევ უფრო მეტ ძალებს აგროვებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მათ შორის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდშიც.
„ჩვენ ახლა იმ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც შეჭრა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის პერიოდშიც“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ ხედავს რუსეთის ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს.
„აშშ-ს რუსეთთან უთანხმოების დიპლომატიური გზით მოგვარება ურჩევნია. ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევა გავწიეთ რუსეთის ჩასართავად. ამავდროულად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი განახლებული აგრესიის გზას აირჩევს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.