„მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, რადგან არანაირი დადგენილება პროკურატურის მხრიდან, რომელიც მას დაზარალებულად ცნობს, არ არსებობს - ეს არის უკრაინის კანონმდებლობის და პროკურატურის „ნაცმოძრაობისეული“ ინტერპრეტაცია“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის პროკურატურა ვალდებულია, თუკი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით მიმართავენ, საქმის წარმოება დაიწყოს და ავტომატურად „ჩართულ მხარეს დაზარალებულის სტატუსი კი არ ენიჭება, განიხილება როგორც დაზარალებული“.
„ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს მანიპულაციასთან, ოღონდ ახლა უკვე უკრაინის კანონმდებლობის და უკრაინის პროკურატურის „ნაცმოძრაობისეული“ ინტერპრეტაციაა ეს. ზოგადად, უკრაინის კანონმდებლობით, როცა სისხლის სამართლის წარმოებაზე დაზარალებულის მხარე მიმართავს პროკურატურას, ვალდებულება აქვთ მათ, ასეთია მათი კანონმდებლობა, რომ უნდა დაიწყონ საქმის წარმოება და ავტომატურად ჩართულ მხარეს დაზარალებულის სტატუსი კი არ ენიჭება, განიხილება როგორც დაზარალებული, რადგან ამ კუთხით მიმართა. ადვოკატს, რომელმაც მიმართა უკრაინის პროკურატურას, ნაწილობრივი უარი ეთქვა ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე. ეს არის ფორმალური მდგომარეობა, როცა დაზარალებულად გინდა მიმართო პროკურატურას და პროკურატურაც გირეგისტრირებს ამას, დაზარალებულის სტატუსი მას არ აქვს მინიჭებული, რადგან არანაირი დადგენილება პროკურატურის მხრიდან, რომელიც მას დაზარალებულად ცნობს, ან ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობას ან სანქციას ანიჭებს ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ადვოკატ გრუშოვეცის შეტანილ განაცხადს რა გაგრძელება ექნება, ამას შორი გზა აქვს. ამ ტერმინოლოგიური მანიპულაციით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნო დაზარალებულად და ეს როგორც შემდგარი ფაქტი და სამართლებრივი მდგომარეობა ასე წარმოაჩინონ. როცა განაცხადი შეგაქვს, რომ დაზარალებულად მცნეთ, ეს საქმე ასე აღირიცხება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.