ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკელმა, ვინც უკრაინაში რჩება, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
„გვსურს მკაფიო პოზიცია დავაფიქსიროთ. უკრაინაში მყოფმა ამერიკის ნებისმიერმა მოქალაქემ ქვეყანა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს და ეს მომდევნო 24-48 საათში უნდა მოხდეს. ჩვენ აშკარად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდება, მაგრამ ახლა რისკი საკმაოდ მაღალია და საფრთხე საკმაოდ უშუალოა“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, აშშ არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ ჩვენ საკმარისი დონის შეშფოთება გვაქვს იმის საფუძველზე, თუ რას ვხედავთ ადგილზე და რა მონაცემები მიიღეს ჩვენი დაზვერვის ანალიტიკოსებმა. ჩვენ ამ მკაფიო მესიჯს ვაგზავნით. ეს საგანგებო გზავნილია, რადგან ჩვენ საგანგებო სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
მისი თქმით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა დაიწყოს.
„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელარუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.