ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას გულისხმობს, გრძელდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სიმონეთში, რის შემდეგაც ადგილობრივებმა COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, მეორე და ე.წ. ბუსტერ დოზები გაიკეთეს.
სამინისტროს კამპანიის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პოპულარიზაცია და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა.
ქვემო სიმონეთში იმუნიზაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში - 200, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.