სენაკის საკრებულოში არითმეტიკული დავა პოლიტიკოსებს შორის გრძელდება. საუბარია ბოლო ჩატარებულ სხდომაზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ 16 კაციანი შემადგენლობით, მე-17-ე წევრი აირჩიეს. „ქართულ ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმშია, რის გამოც, სხდომას არ ესწრებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კვორუმის გარეშეა მიღებული და ის არალეგიტიმურია.
„სენაკის მაგალითზე, ოპოზიციას ვურჩევდი - ძალიან კარგი პროექტია „ტელესკოლა“ და იქ უყურონ მათემატიკის გაკვეთილებს. ვიდრე სამართლებრივ საკითხებზე დაიწყებენ საუბარს, უპრიანი იქნება, რომ გამრავლების ტაბულაში იმეცადინონ“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.