თბილისის მერიამ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ვერის პარკის საპროექტოს სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გამართა. ღონისძიება ასევე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმშიც შეეძლოთ.
ვერის პარკის საპროექტო სამუშაოებს თბილისის მერიის ინიციატივით და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანია ,,ატელიე არქიტექტს“ ახორციელებს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას მოიცავდა.
ღონისძიებაზე ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კასრელიშვილმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, რატი ჩომახიძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტი დეტალურად გააცნეს. საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის განვითარების ფონდის, ევროპის საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.
საჯარო განხილვა მოიცავდა დისკუსიასაც. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. ღონისძიების მონაწილეებმა საპროექტო სამუშაოებში ჩართული ექსპერტების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც განიხილეს და პროექტში პრიორიტეტული მიმართულებების ასახვაზე იმსჯელეს.
ვერის პარკის რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად შემუშავდება. პირველი ეტაპი - კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი - არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ხოლო მესამე ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
საჯარო განხილვების ჩატარება პროექტის ყოველი ეტაპის დასასრულების შემდგომ არის დაგეგმილი.