logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
- +

12 თებერვალი. 2022. 13:56

 

 

ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

 

მინისტრის მოადგილემ, სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2021 წელს, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ემსახურება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და შემცირებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოსთვის ზიანის მიმყენებელს დაეკისრება ამ ზიანის გამოსწორების ვალდებულება და არა მხოლოდ მონეტარული ჯარიმის გადახდა.

 

აღინიშნა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებაც, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად გადაერთვება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სისტემის შესაბამის დირექტივებზე.

 

წყლის ხარისხის და რესურსების მართვის კუთხით აღინიშნა, რომ წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის განვითარება და სააუზო მართვის მოდელზე გადასვლა არის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში წყლის სექტორის რეფორმისთვის.  ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მომზადებულია კანონის პროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც წარედგინა პარლამენტს.

 

საუბარი შეეხო ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის, სატყეო მმართველობის და დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებს; ხაზი გაესვა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას, მეთევზეობას და საზღვაო მმართველობას.

 

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, აღინიშნა საქართველოს მიერ გადადგმული ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიც არის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა (2030) და სამოქმედო გეგმის (2021-2023) დამტკიცება.

აღნიშნა ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელობის შესახებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული მწვანე შეთანხმება ადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ ინიციატივას და ამბიციურ მიზნებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დიალოგის გაღრმავება ევროკავშირის მხარის მოლოდინებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია საქართველოს იმოქმედოს ევროპის მწვანე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ასოცირებული ქვეყნის პერსპექტივიდან.

 

ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთეს მოხსენებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner