„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის წინ და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ამ არჩევნების მოგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდის წევრი წარმოადგენდეს ამ ქალაქს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სათანადო კანდიდატის შერჩევა.
„მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი ღირსეული კანდიდატი. ირაკლი შატაკიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი, ძალიან კარგი იურისტი. ძალიან დიდი წარმატებებისთვის აქვს მიღწეული პროფესიული საქმიანობის განმავლობაში. მას შეუძლია უკვე ახალ ამპლუაში, ხალხის სამსახურში გააკეთოს ის საქმე, რომელიც წაადგება რუსთავსა და გარდაბანს“, – განაცხადა კობახიძემ.