logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ
- +

12 თებერვალი. 2022. 18:57

 

 

„რომ აცხადებენ, პირველი სხდომა გრძელდებოდა, იმასაც არ შეიძლება, ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი ესწრებოდეს. უფლებამოსილი რომ იყოს სხდომა, მას სჭირდება კვორუმი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სენაკში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

მან სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ერთად „მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ“.

 

„იმ საოცრების გასამართლებლად, რაც თავში გააკეთეს, უარესი საოცრება თქვეს, ანუ პირველი სხდომა გრძელდებოდაო. აქ ერთი იურიდიული ნიუანსია: პირველი სხდომა თუ გრძელდებოდა უფლებამოსილების ცნობა კი არ უნდა, კენჭისყრა უნდა. რა გამოდის, მსოფლიოში ახალი პრაქტიკა მკვიდრდება, რომლის თანახმადაც კვორუმი საჭირო არ არის და ორ ადამიანსაც შეუძლია გააგრძელოს სხდომა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თერთმეტ ადამიანს შეუძლია, გადაწყვეტილებები მიიღოს. ანუ, ერთი ადამიანი რომ შეიპაროს საკრებულოში და თავის თავს უთხრას, სხდომას ვაგრძელებთო, მათი ლოგიკით, სხდომა გაგრძელდება. ეს ადამიანი გაიტანს საკითხებს, იმსჯელებს, თავის თავს მოუწოდებს და ასე შემდეგ. შემდეგ კენჭისყრა რომ დასჭირდება, 10 ადამიანს დაიმატებს და გადაწყვეტილებებსაც მიიღებს - ნუ, წარმოუდგენელი აბსურდია!

 

უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ და არ ვიხუმროთ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, სადაც კვორუმს არ აღიარებენ. გადაწყვეტილება მაშინაა უნარიანი, როდესაც კვორუმია. ანუ, გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ერთი მესამედით ან სხვა კვორუმებით, მაგრამ უფლებამოსილი რომ იყოს სხდომა, გრძელდებოდეს და ასე შემდეგ, უნდა იყოს კვორუმი.

 

რომ აცხადებენ, პირველი სხდომა გრძელდებოდა, იმასაც არ შეიძლება, ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი ესწრებოდეს. უფლებამოსილი რომ იყოს სხდომა, მას სჭირდება კვორუმი. მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ერთად“, - დასძინა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, არაფერს მოიმოქმედებენ ისეთ, რათა ხელოვნურად შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ სენაკში ახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.

 

სენაკში 33-წევრიან საკრებულოში სხდომა ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner