logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სოფელ კონდოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა
- +

12 თებერვალი. 2022. 20:07

 

 

პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, აღნიშნული პირების მოკვლა გადაწყვიტა.

„10 თებერვალს, საღამოს საათებში, გ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით ესროლა გ.ჯ.-ს და მის მეუღლეს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილზე, დაემუქრა მას და ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner