სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „იმედის კვირასთან“ დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2006 წლიდან საქართველომ დაიწყო შეიარაღების ინტენსიური შესყიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან და, შესაბამისად, ამ პერიოდში გაჩნდა მსუყე შესაძლებლობა, რომ ელიტარულ კორუფციის პირობებში მომხდარიყო გარკვეული სქემების დამუშავება.
სწორედ ამ სქემების გასაჯაროებას უკავშირებს ის მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.
„მე ოფიციალურად დამდეს ბრალი იმაში, რომ მე თურმე გავშიფრე ეს სქემები. პირდაპირ წერია, რომ ჩემი მთავარი დანაშაული იყო, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს გადავცემდი იარაღით არაკანონიერი ვაჭრობის სქემებს, რომელიც ჩემი კომპიუტერიდან ამოიღეს მაშინდელი კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა“, - აცხადებს მაისაია.
მაისაია იხსენებს 2010 წელს FBI-ის ხელმძღვანელის რობერტ მიულერის საქართველოში საგანგებო ვიზიტს. მიულერი მაშინ საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა და მაშინვე ითქვა, რომ ეს ვიზიტი დიდი ალბათობით ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის საკითხებს.
იარაღით ვაჭრობის თემა ბოლო წლებში დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება. ყოფილი მინისტრი ბრალდებებს უარყოფს.