ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. „ტელეიმედის“ დამფუძნებელი 52 წლის ასაკში, 2008 წელს ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. 2018 წელს პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავდნენ, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.
რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. იმედის ქალაქი, ცირკი, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, მთაწმინდის პარკითუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“.
7 ნოემბრის დრამატული მოვლენების შემდეგ ტელეკომპანია 2008 წელს მიისაკუთრეს და ის მფლობელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს დაუბრუნეს. ბადრი პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. გამარჯვების იმედი დაუბრუნა სპორტსმენებს, შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარა. აფინანსებდა სპორტული კლუბებს.
ამასთანავე, „პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც მისი ერთ-ერთი დიდი საგანძური იყო და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა, მათ მკურნალობას აფინანსებდა. ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება ასევე ურეკის, ანუ „იმედის ქალაქის“ შექმნა, ისტორიული ძეგლებისა და მთაწმინდის პარკის რეაბილიტაცია, ასევე, თბილისის ცირკის აღდგენა.