ქვემო ქართლის რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, ასევე რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.
გიორგი დოხტურიშვილის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა.
„დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2 (ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექროენერგიის მიწოდება. შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა. ბიძგების შედეგად, სოფელ შახმარლოში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის კედელი. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.