აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფად და მტკიცედ უპასუხებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას. უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო გაძლიერების საპასუხოდ, ლიდერები დიპლომატიის გაგრძელებისა და შეკავების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.