logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ, ერთი თვის მიხედვით, მილიარდიან მიჯნას პირველად გადააჭარბა
- +

14 თებერვალი. 2022. 12:45

 

 

„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 2022 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - ბრუნვა გაიზარდა 41.1 პროცენტით და წელიწადის ამ დროისათვის, ერთი თვის მიხედვით, პირველად გადააჭარბა ერთმილიარდიან მიჯნას (1109.4 მლნ აშშ დოლარი)“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემის გამოქვეყნებას 2022 წლის იანვრისთვის.

 

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, რომელიც მან თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ბოლო პერიოდის ტრენდის შესაბამისად, ექსპორტის (2022 წ. იანვარში - 331.3 მლნ აშშ დოლარი) ზრდის ტემპმა კვლავ გადაუსწრო იმპორტის (778.1 მლნ აშშ დოლარი) ზრდის ტემპს - წინა წლის იანვართან ზრდის ტემპებმა შეადგინა, შესაბამისად, +47.6% და 38.5%, რის ხარჯზეც ერთ წელიწადში ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 2.6 პუნქტით (40.0%-იდან 42.6%-მდე).

 

მისი თქმით, 2022 წლის იანვრის ექსპორტი საგრძნობლად აღემატება ასევე, 2020 წლის იანვრის (+24%) და კრიზისამდელი, 2019 წლის იანვრის (+40%) ექსპორტს. ანალოგიური ტენდენციებით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვის დინამიკაც, რომელმაც 2022 წლის იანვარში გადააჭარბა 2020 წლის იანვრისას 21.5 პროცენტით და 2019 წლის იანვრისას - 29.4 პროცენტით. საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინმსწრები ზრდა, ქვეყნის ასევე საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, ადეკვატურად აისახა შესაბამის ინდიკატორებში: 2022 წლის სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობა წინა, 2021 წლის საშუალოდ ერთი თვის მშპ-სთან - 74.4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის თანაფარდობამ - 22.8 პროცენტი შეადგინა. ეს საგრძნობლად აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებლებს (შესაბამისად, 60.0% და 17.3%).

 

„მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია (მარტო ექსპორტის საშუალო სადღეღამისო მოცულობა 2022 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა) ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მდგრადი და დინამიკურად განვითარების მზარდ პოტენციალს“, - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner