„მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც აქამდე იყო ჩადებული და რომელიც მომავალში აისახება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაში, არის საქართველოში დაწერილი, რომელთა გაზიარებაც ხდება სავალუტო ფონდის მიერ და არასწორია, როდესაც ვსაუბრობთ, გარკვეულწილად, რაღაც საშინაო დავალებების შესრულებაზე,“ - ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სსფ-სთან სამომავლო პროგრამა დასკვნით ეტაპზეა და მასში სწორედ საქართველოში მომზადებული რეფორმები აისახება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამებში ასახული რეფორმები საქართველოშია დაწერილი და მათი გაზიარება ხდება სავალუტო ფონდის მიერ. რაც შეეხება სამომავლო პროგრამას, ის გარკვეულწილად უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამ ახალ პროგრამაშიც, რომელიც ქვეყანას ექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სწორედ ჩვენს ქვეყანაში მომზადებული რეფორმები იქნება გაზიარებული ფონდის მიერ“, - განაცხადა ხუციშვილმა.