„უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებები ჩვენთვის გაუგებარია - არ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი ასეთი სამხედრო გაძლიერებისთვის“, - განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების საერთო მიზანი ესკალაციის თავიდან აცილებაა.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზული დიალოგისთვის. ნატომ და აშშ-მა რუსეთს კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ ახლა ველოდებით რეაქციას, რუსეთისგან პასუხს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, დასავლეთი მზად არის ფართომასშტაბური და ეფექტური სანქციებისთვის.
„გასაგებად რომ ვთქვათ: თუ რუსეთი კიდევ ერთხელ დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ვიცით, რა გავაკეთოთ“, - განაცხადა მან.