ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„პრეზიდენტი ზელენსკი ტყუილად არ აფრთხილებდა მსოფლიოს: „ნუ გვაშინებთ, ნუ თესავთ პანიკას - ამ მდგომარეობაში არაპროგნოზირებადია უკრაინა". და აი პირველი სიგნალიც - უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა დიპლომატმა, ქვეყნის სრულუფლებიანმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ BBC Radio 5-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „უკრაინამ შესაძლოა უარი თქვას NATO-ში შესვლაზე, თუ კი ეს თავიდან აგვაცილებს რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებას".
შეკითხვაზე - შეძლებს თუ არა ოფიციალური კიევი ამ განცხადების გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის NATO-ში მისწრაფება გაწერილია უკრაინის კონსტიტუციაში, ვადიმ პრისტაიკომ უპასუხა: „კი - შეძლებს. უკრაინას შეუძლია ამ საკითხში მოქნილება გამოიყენოს". ვადიმ პრისტაიკოს ამ სენსაციურმა განცხადებამ, მყისიერად გამოიწვია საპასუხო რეაქცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილე ჯეიმს ჰიპპიმ ბრძანა: „თუ უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გახდეს NATO-ს წევრი, დიდი ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს".
უკრაინასა და მსოფლიოში ამ განცხადებებმა უკვე გამოიწვიეს დიდი აჟიოტაჟი - უმრავლესობა გამორიცხავს გამოცდილი დიპლომატისა და ელჩის მხრიდან „თვითშემოქმედებას", მით უმეტეს კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ. შესაძლოა ამ თემის შემოგდებით, მიმდინარეობს უკრაინული საზოგადოების განწყობათა ზონდირება და ასევე, რუსეთის მხრიდან მილიტარისტული ზრახვების შესაძლო განხორციელების გადავადების მცდელობა. ვნახოთ. დაველოდოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.