logo_geo
eng_logo
საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი კალანდარიშვილის, კოკა კაციტაძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს დაუჭერს მხარს
- +

14 თებერვალი. 2022. 21:49

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე, საგამოძიებო უწყებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ისნპექტორის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

 

მდინარაძის თქმით, საუბარი შეეხო მათ შორის დიდ ბრიტანეთში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, უკრაინის თემას და სხვა საკითხებს.

 

„პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას წარმოუდგინა გარკვეული ანგარიში, მოგვიყვა ბრიტანეთში ძალიან წარმატებული ვიზიტის შესახებ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებული პრემიერის გადაწყვეტილება ასევე იყო ჩვენი განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ უკრაინის საკითხებზე, პარტიის ქალთა ორგანიზაციაზე და ასევე იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა გაიმართოს რუსთავსა და ბათუმში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, მდინარაძის განმარტებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ მხარს დაუჭერენ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.

 

„რაც შეეხება გია ცაცაშვილს და მაია ზარიძეს, ამ ადამიანებსაც ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობას, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარლო კაციტაძეს დაუჭირონ მხარი.

 

მდინარაძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს.

 

„არ დაგიმალავთ, განსაკუთრებით საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, ნახეთ, რომ პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც კი გქვონდა. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით მაინც, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ისიც იყო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და სამსახურს. პრაქტიკული გამოცდილება შესაძლებელია, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე, საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ მხარს დაუჭერს ლელა ჯანაშვილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner