„აკაკი წერეთლის ვაჟის დაკარგულად მიჩნეული არქივი საქართველოშია!
ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს, აკაკი წერეთლის ვაჟის ალექსის, არქივი რომელიც დიდი ხანი დაკარგულად ითვლებოდა ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცეს! ეს უნიკალური საგანძური ქართველმა ემიგრანტმა ელისო ტარასაშვილმა პარიზიდან ჩამოიტანა, ამ საშვილიშვილო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონი ელისოს დას, ჩვენი მუზეუმის დიდ მეგობარს ნინა ტარასაშვილს, საქართველოს დიდ მხარდამჭერსა და პატრიოტს”, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
„ამ არქივში არაერთი უნიკალური დოკუმენტი და ფოტოა, მათ შორის დავასახელებდი აკაკის მეუღლის ნატალია ბაზილევსკაიას პასპორტს. ალექსი ოპერამ ადრევე გაიტაცა და 1896-97 წლებში ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები და წარმატების მწვერვალს 1904-06 წლებში პეტერბურგში მიაღწია. წერეთელს ეკუთვნის რამდენიმე მომავალში ცნობილი საოპერო ტალანტის აღმოჩენა. წერეთელმა პეტერბურგში მოაწყო ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო. მის დასში მღეროდა თედორე შალიაპინი. ალექსი წერეთელმა თავისი დასის მთელი რეკვიზიტები „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს“ უანდერძა. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად ცნეს და წერეთლის ქონება აუქციონზე გაყიდეს. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე თავისი ძვირფასი არქივი ვერა ფაღავასათვის დაუტოვებია იმ იმედით, რომ ის დამოუკიდებელ საქართველოს მოესწრებოდა და არქივს სამშობლოში დააბრუნებდა… ეს უკანასკნელი ანდერძი წელს აღსრულდა.. აკაკის ვაჟის ცხოვრების დიდი ნაწლი საქართველოს, მის კანონიერ ადგილს დაუბრუნდა… მოსაყოლი ბევრია, თუმცა დანარჩენს კვირას ჩემს რუბრიკაში „დილის შოუში“, იმედზე გავაგრძელებ” – წერს გიორგი კალანდია.