ავტორი ბიძინა დვალი
პარლამენტის რეზოლუციის შემდეგი შინაარსის შეფასებებს - „საქართველოს ჰყავს მხდალი ხელისუფლება... რუსეთის შეეშინდა...“ და სხვა მსგავსი - ერთი პასუხი აქვს: იდიოტია, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის შეიძლება არ გეშინოდეს. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი გართულების შემთხვევაში, „ბოროტების იმპერიის“ პირისპირ მარტო მოგვიწევს დარჩენა. უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამის საუკეთესო მაგალითია. სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს რომ თავი დავანებოთ, ერთმა საბედისწერო წუთმა, მაგალითად, ერთმა ხელმოწერამ, შეიძლება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ან ენერგეტიკის, ან ორივეს ერთად, სრული პარალიზება მოახდინოს და ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში მოაქციოს. ხელისუფლების ამოცანაა, ყველა სახის მოსალოდნელი გართულებების პრევენცია. გარე საფრთხეებიდან თავის დაღწევა და ბეწვის ხიდზე სიარული, ჩვენი ისტორიული ხვედრია. ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს. შიდა პროვოკატორებისა და სხვა ჯურის მავნებლების წინააღმდეგობების გადალახვაც ამის ნაწილია.
წერილის წინა „მოქმედებაში“ გამოთქმული შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლელი პარტნიორების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან მუდმივი წნეხი და უწყვეტ რეჟიმში პრობლემებით მანიპულირება, იმ მიზანს ემსახურება, რომ მათ საჭიროებას ყოველწუთიერად ვგრძნობდეთ, რათა „კონტროლიდან არ გამოვიდეთ და კურსიდან არ გადავუხვიოთ“, ვითარებას სრულად ვერ ახასიათებს, დამაჯერებლობა აკლია. თუ ყველა ფაქტს ერთ მაგიდაზე მოვუყრით თავს, საკმაოდ რთული (თუ მძიმე არა) რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ვეჭვობ, ანალიზი იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენი (ისევე როგორც უკრაინის) ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია - დიდ პოლიტიკურ თამაშებში ჭადრაკს ხანდახან პოკერი ანაცვლებს ხოლმე, თავისი ხან მაღალოსტატური, ხანაც ადვილად გამოსაცნობი „ბლეფებით“.
დასკვნების სიმყარისთვის, შიგადაშიგ, ისევ ანალოგიები და მაგალითები მოვიშველიოთ. მთავარ ორიენტირად ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთსა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავიღებდი. ბალტიის სამი სახელმწიფოს NATO-ში გაწევრიანება რუსეთს დიდად არც მაშინ გაუპროტესტებია და არც ახლა იმჩნევს, რომ ამ აქტით „მტრული ალიანსი“ მისი უშუალო მოსაზღვრე გახდა, ხოლო ალიანსის გაფართოება ამხელა კავკასიონით გამიჯნული საქართველოს არეალში, თურმე, დიდ საფრთხეს უქმნის მშვიდობას მის ქვეყანაში. რუსეთი მართალია თუ არ არის მართალი, ამას მნიშვნელობა არა აქვს - ასეთია მოცემულობა.
რუსეთის პოზიციების გამოხატვის პარალელურად, ვნახოთ, როგორი იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებები: მისი ჩართულობა ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში იღებს სათავეს. დემოკატიზაციის პროცესი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ახალი ხელისუფლებების მოსვლის პირველივე დღეებიდან მოვიდა მოქმედებაში და თითო საპარლამენტო ციკლში შეიძინა შეუქცევადი სახე. იმავდროულად, საქართველოს ახლადშობილი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დასავლური სამყაროს მხრიდან ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული და როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვდა, რეალური პოლიტიკის სადავეები ეშმაკების, ანუ რუსების ხელში აღმოჩნდა. დაუძლეველი პრობლემების პროვოცირება და ფულის, იარაღისა და აგენტურის მეშვეობით მართვა და ამ გზით პოლიტიკური პროცესის სასურველ კალაპოტში მოქცევა - ასეთი გახლდათ ახალი ეტაპის დასაწყისი.
მხოლოდ ამის შემდეგ, ეროვნული პოლიტიკური სუბიექტებისგან გაწმენდილ გარემოში იწყება აშშ-ის ჩართულობა. ანუ თავიდანვე დგება ზესახელმწიფოების ტანდემი და ორმხრივი „ინტერესთა გამოხატვა“ წითელ ხაზად გასდევს მოვლენათა მთელ შემდგომ განვითარებას.
იმას, რაც 1991-2003 წლებში საქართველოში ხდებოდა, არავითარი კავშირი არა აქვს დემოკრატიასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების შენებასთან და ზოგადად, აღმშენებლობასთან და სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან. თვალსაჩინოებისთვის, მარტო იმის გახსენებაც იკმარებს, რომ დროის ამ მონაკვეთში ჩატარებული ყველა არჩევლები არნახული მასშტაბებით იყო გაყალბებული ჟვანია-სააკაშვილი-მაჭავარიანი-გოგორიშვილის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით. რაც ყველაზე მთავარია, ეს ხდებოდა ამერიკელი „მეგობრების“ თვალწინ და კიდევ უფრო მთავარი - მათი უშუალო ჩართულობით. აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ ამ პერიოდის, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ კორუფციის უმაგალითო ზეობის პერიოდს, ყველა ფინანსტთა მინისტრი იყო ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატორების“ გუნდიდან.
ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთისგან განსხვავებით, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში მთელი ძალისხმევა, თუ ჭაბუა ამირეჯიბს დავესესხებით, კაციჭამია ვირთხების გამოყვანას დაეთმო. მხოლოდ სულიერებისა და იდეალებისგან დაცლილ, უსახო, უჯიშო, უსისხლო და უსქესო არსებებს შეეძლოთ ქვეყნის წინაშე იმ ღალატისა და დანაშაულების ჩადენა, რომლის მოწმე და მსხვერპლიც ვიყავით 2003-2012 წლებში.
საკვანძო მომენტი 2008 წლის აგვისტოში დადგა - მოხდა დიდი გადანაწილება, საიდანაც მოგებული გამოვიდა რუსეთიც, ამერიკაც, ევროპაც და ნაცხელისუფლებაც, მხოლოდ საქართველო და ქართველი ხალხი დარჩა წაგებული. „კონდოლიზა რაისი აფრთხილებდა“, ან კიდევ, „რიჩარდ მაილსი შეშფოთებული იყო“, თამაშის ნაწილია და ისეთივე თვალში ნაცრის შეყრაა, როგორიც, მანამდე, პირსისხლიანი დიქტატორის „დემოკრატიის შუქურად“ წარმოჩენა იყო. პირველი - ნული პროცენტია იმის შანსი, რომ სააკაშვილი იმ ავანტურაში ჩართულიყო შეთანხმებისა და პირადი გარანტიების გარეშე; მეორე - სამხედრო პროვოკაცია შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, მას პრეზიდენტად არავინ დატოვებდა; და მესამე - არათუ პრეზიდენტად დატოვეს, არამედ, მოსალოდნელი გართულებებისა და კრიზისების გადასაფარად, ანუ ხალხის რისხვისგან თავის გადასარჩენად, დამატებით გამოუყვეს 4,5 მილიარდი დოლარი(?). ასეთი გახლდათ სამშობლოს გაყიდვის საფასური.
თითქოს, განსადელს შიდა პროცესებზე მაინც უნდა მოეხდინა დადებითი გავლენა, ხალხს შიშისგან და ტერორისგან ცოტა შვება მაინც უნდა ეგრძნო... მაგრამ თურმე სადა ხარ, ბიძინა დვალო?.. აღმოჩნდა, რომ დიდი თამაში ამით არ მთავრდებოდა. თურმე საქართველოს (უკრაინის მსგავსად) მუდმივი ვაჭრობის საგნის როლი ჰქონია განსაზღვრული, საჭიროების შემთხვევაში კი - საზარბაზნე ხორცის.
ღვთისმშობლის მფარველობას უნდა ვუმადლოდეთ, რომ განგებამ ბიძინა ივანიშვილი მოგვივლინა და ჰორიზონტზე სულ სხვა საქართველოს პერსპექტივა გამოჩნდა. ახალი პოლიტიკური მმართველობის ნებიდან გამომდინარე, თანდათან და თანმიმდევრულად, დაიწყო ნამდვილი დემოკრატიზაციის, ანუ დასავლური ღირებულებების დანერგვის შეუქცევადი პროცესი. „ქართული ოცნების“ გულწრფელ არჩევანს ბევრი, მათ შორის გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობა ხვდება. სამწუხაროა, რომ ხელოვნური ბარიერების აგებაში ის სუბიექტებიც მონაწილეობენ, ვისი დახმარების იმედიც გვქონდა და გვაქვს.
საქართველოს მომავლის განსაზღვრაში, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2020-21 წლების პერიოდი იყო, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, სამი კრიმინალის განთავისუფლებით დაწყებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებით, პირობითი სათაურით, „თუ საქართველო სახელმწიფოა“, დამთავრებული. საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ღირსეულად გაუძლო კომპლექსური ხასიათის შემოტევებს შიგნიდან თუ გარედან და საზოგადოებაში გაამყარა სტაბილურობის განცდა.
მივყვეთ თანმიმდევრობით - ვფიქრობ, ამოსავალ მომენტად მ. სააკაშვილის დაბრუნებას (როგორც კულმინაციას) თუ ავიღებთ და აქედან შევუდგებით კვანძის გახსნას, ბევრ დაფარულს ავხდით ფარდას. საერთო აზრია, რომ პრეზიდენტყოფილის ჩამოსვლის მიზანი არეულობის ორგანიზება იყო. შორს ვარ იმ შეფასებებისგან, რომ „მიშა ვიღაცამ შეაცდინა“, რომ „არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ“, რომ „უკრაინაში აღარ ედგომებოდა“ და ა.შ. თუ მოვლენათა განვითარებას ობიექტური თვალით დავაკვირდებით, ადვილად დავინახავთ,რომ ახალი ფერადი რევოლუცია, ანუ „ვარდების რევოლუცია N2” დიდი გულმოდგინებით, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
მივყვეთ ფაქტებით გამყარებულ ლოგიკურ ჯაჭვს, თითებზე შეყინული ხინკლის წვენის ეპიზოდიდან უკან: დავსვათ რამდენიმე მარტივი კითხვა - 1. რა შეიძლება გამხდარიყო არეულობის ორგანიზების საფუძველი? ამ კითხვაზე პასუხიც მარტივია - თვითმმართველობის არჩევნების შედეგები; 2. უფრო კონკრეტულად? – „ქართული ოცნების“ მიერ 43%-იანი ნიშნულის ვერ დაძლევა.
გავაკეთოთ შუალედური დასკვნა - უკრაინაში „მიმალვაში“ მყოფმა, საქართველოს N1-მა მტერმა, თავის მრავალსუბიექტიან კასტასთან ერთად, ლობისტებთან კონსულტაციით, გადაწყვიტეს, რომ მათი მრავალსაფეხურიანი მომზადების ციკლი დასასრულს მიუახლოვდა. არეულობის ნიადაგის შემზადებისთვის აუცირებელი ყველა ნაბიჯი გადადგმულია, როგორც სამართლებრივი (ფსევდოსამართლებრივი), ისე ორგანიზაციული კუთხით, დასკვნით ფაზას წინ აღარაფერი უდგას...
დავუბრუნდეთ ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმს:
საიდან მოვიდა ე.წ. „სარეფერენდუმო“ 43% ? - „სარეფერენდუმო“ 43% ჰაერიდან მოიტანეს ჩვენმა დასავლელმა „მეგობრებმა“ - ელჩებმა, კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა, აგრეთვე, კარლ ბილდტის „ნდობით აღჭურვილმა“ კრისტიან დანიელსონმა და ევროპრეზიდენტმა შარლ მიშელმა; 4. რას ნიშნავს „ჰაერიდან მოიტანეს“? - ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული „ინიციატივა“ არის უპრეცენდენტო მსოფლიო პოლიტიკის პრაქტიკაში და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან სრულად არის გასული. 5. იქნებ, მეტი სიცხადისთვის, ისევ დასკვნით ფაზას დავუბრუნდეთ?.. – 19 აპრილის ხელშეკრულებით მოქმედებაში მოვიდა ბრძოლა წესების გარეშე. გეგმა მთლიანად იქით იყო მიმართული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დე-ფაქტო ანულირება მომხდარიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონსტიტუციის სრული იგნორირებით, ხდებოდა თვითმმართველობის არჩევნების(?) მიბმა(?) საპარლამენტო არჩევნებთან(?).
შუალედური დასკვნა 2 - ყველაფრიდან ჩანს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგებით მთელი ჩვენი „სამეგობრო“ იმედგაცრუებული დარჩა. არავინ ელოდა, რომ „ოცნება“ მესამე ვადით, თანაც მაღალი პროცენტით, კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას. გეგმების შედგენაში დახელოვნებულ სტრუქტურებს, არგამართლების შემთხვევაში, თადარიგში ყოველთვის მოეძევება გეგმა B: „მწარე“ რეალობაზე კითხვის ნიშნების გასაჩენად, ბრძოლა არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად, მოქმედებაში მოვიდა ათასგვარი წინასწარ მომზადებული ინსინუაციები და მანიპულაციები.
ასეთ შემთხვევებში, მარტივი გამოსავალი ვითარების ობიექტურ შეფასებაში დევს ხოლმე. თუ პარტნიორი გქვია და პროცესს სამართლიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის ინტერესებიდან უყურებ, მოქმედება აქედან უნდა დაიწყო. ამის შემდეგ, მანიპულატორს უნდა მოსთხოვო დესტრუქციის დასრულება. ჩვენ კი რა ვიხილეთ? - არჩევნები სამართლიანი კი იყო და ესენი ნამდვილად არ არიან წმინდა წყლის დამლევები, მაგრამ... რა ვქნათ, იმდენი ფული და იმდენი ოფლი გვაქვს ჩაღვრილი ამათი ჯიშის გამოყვანაზე, რომ... ერთი სიტყვით, „ჩვენი ნაძირლები“ არიანო და ასეა ეს საქმეო.
19 აპრილის შეთანხმება, ისევე როგორც 8 მარტის შეთანხმება, ცალმხრივი კომპრომისების დოკუმენტის სახით მოევლინა დღის სინათლეს. ჩვენი ბავშვობის საყვარელ ზღაპარში რომ არის, ოღონდ პირიქით - ზღვები და კლდეები ხომ გადავლახეთ, ამჯერად სავარცხელი გადმოაგდეს და „ოცნების“ წინაშე უღრანი ტყე აღიმართა. მარტო ე.წ. შეთანხმებას ვინ ჩივის, ამხელა საფანჩატურეთს გადაბირებული პრემიერი დაამატეს და უშუალოდ არჩევნების წინა დღისთვის, სააკაშვილის კარტის გათამაშების ოპერაციაც დაგეგმეს, როგორც დასკვნითი აკორდი, თუ ბოლო ლურსმანი.
როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, დიდი სიამოვნებითა და დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ მმართველმა პარტიამ დიდოსტატურად დაძლია ყველა ხელოვნური ბარიერი და ძახილის ნიშნით, შექმნილ ვითარებაში (ბიძინა ივანიშვილის გარეშე და გახარიას ღალატის პირობებში) ბევრისთვის რთულად წარმოსადგენი 47%-იანი შედეგით, იმედები გადაუწურა საქართველოს ყველა არაკეთილმოსურნეს.
ამ ვრცელ წერილს რეფრენივით გასდევდა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზის მთავარი დასკვნა, რომ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, დასავლური სტრუქტურები თავს იკავებენ მათ დიდ ოჯახში საქართველოს მიღებისგან, მაგრამ ამის აღიარება უჭირთ და გვიქმნიან ხელოვნურ ბარიერებს, რომ ამ გაუბედაობის მიზეზად ჩვენ გამოგვიყვანონ. თავისთავად, მძიმე დასკვნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ მთავრდება ყველაფერი...
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხისთვის ურცხვად თავსმოხვეული „რეფერენდუმი“ სხვა შედეგით დამთავრებულიყო... ამ შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლებს ექნებოდა გარე მხარდაჭერაც, „პირობების შესრულების“ მოთხოვნით და ტალღა, აუცილებლად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანდა, სადაც, როგორც წესი, „ამგორებელს“ მეტი შანსი აქვს ხოლმე. ანუ, ქვეყნის სათავეში მივიღებდით ნაცურ კოალიციას, ადვილად წარმოსადგენი მძიმე შედეგებით.
ამ პანდემიის პირობებში, თუ ვინმეს ხალხთან ურთიერთობა უწევს, ყველა დამეთანხმება, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე, ქართულ საზოგადოებაში ინტენსიურად დაისმის კითხვა, რა მოხდებოდა დღეს, ცნობილი ორმაგი აგენტის, აგვისტოს ომის „შემოქმედის“, სააკაშვილის მმართველობის პირობებში და თვითონვე პასუხობს, რომ საქართველო იქნებოდა ესკალაციის მეორე ეპიცენტრი(!) - ერთიანად და ერთხმად პასუხობს, კითხვის ნიშნების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგისთვის ერთმნიშვნელოვნად, ზოგისთვის კი ვარაუდის დონეზე, იკვეთება მეორე მთავარი დასკვნა - ახალი „ფერადი“ გადატრიალება იმ მიზანს ხომ არ ემსახურებოდა, რომ რეგიონში გაჩენილიყო ომის დამატებითი კერა?!
დიდება უფალს, რომ ეს ასე არ არის!
ბიძინა დვალი
14.02.2022 წ.